ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „გორის“ დირექტორი, ერთი თვის განმავლობაში, გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელებსა და მათ მშობლებთან შეხვედრებს მართავდა და მათ მწვრთნელებთან ერთად, სკოლაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო. შეხვედრების მთავარი მიზანი საფეხბურთო სკოლის მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარების გზების ძიება გახლდათ.

გია ისიანის ინფორმაციით, აქტივობა დირექტორსა და მშობლებს/ბავშვებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და ცნობადობის გაზრდას ემსახურებოდა. „ჩემი მხრიდან დასმული კითხვები ძირითადად იმ პრობლემების გამოკვეთას გულისხმობდა, რაც სკოლის აღსაზრდელებს და მათ მშობლებს აწუხებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რისი გაუმჯობესება სურთ ჩვენს მოსწავლეებს, რომ შეძლებისდაგვარად გავითვალისწინოთ. შეხვედრაზე დაისვა სტადიონების ინფრასტრუქტურული გამართულობის საკითხიც, მოგეხსენებათ ახალბაღში არსებული ბუნებრივსაფარიანი მოედანი რეაბილიტაციის პროცესშია და გაზაფხულამდე დაკეტილია. აქედან გამომდინარე, ბავშვები ხელოვნურსფარიან მოედნებზე ვარჯიშობენ, თუმცა, შევთანხმდით, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბავშვები „ქართლის“ სტადიონზე ივარჯიშებენ (ორივე მინდორზე, ერთზე ნორმალური მდგომარეობაა, მეორეზე კი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიდის, მაგრამ პარალელურად შესაძლებელია ვარჯიშიც)“, – ამბობს გია ისიანი.

საფეხბურთო კლუბ „გორის“ დირექტორის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე ძირითად პრობლემად ტრანსპორტირება დასახელდა. სოფლიდან ჩამოსულ სპორტსმენებს, საღამოს საათებში (7-ის ნახევრის შემდეგ) შინ დაბრუნება უჭირთ, ამიტომ მშობლების ერთ-ერთი თხოვნა ვარჯიშების დღის საათებში ჩანიშვნა იყო. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ვარჯიშები „ქართლის“ სტადიონზე ჩატარდება. ამასთან, მშობლების მხრიდან დაისვა გასვლით თამაშებზე ტრანსპორტირების საკითხიც.
გია ისიანი: „თამაშები ძირითადად შაბათ-კვირას ინიშნება, ერთი მინიბუსი გვყავს, შესაბამისად, ერთი ტრანსპორტით ვერ მოხერხდება სხვადასხვა ქალაქში გადაადგილება. ამიტომ მშობლებს უწევთ გარკვეული თანხის გაღება. მომავალში, მინიმუმ ერთი სატრანსპორტო საშუალება მაინც გვჭირდება. სხვა მხრივ, ჩვენი მხრიდან აღმოფხვრილია ყველა ინფრასტრუქტურული საჭიროების საკითხი. გარდა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებისა, აუცილებელია, სპორტსმენის სწორი ფიზიკური განვითარება, ამასთან მნიშვნელოვანია სპორტული დისციპლინის ჩამოყალიბება, რაშიც ჩვენი მწვრთნელები თავს არ ზოგავენ და სკოლის აღსაზრდელებს დაუღალავად ეხმარებიან“.
კლუბის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მომავალი სპორტსმენების სრულფასოვანი კვება ძალზედ მნიშვნელოვანია და საფეხბურთო აკადემიის არსებობის შემთხვევაში, ბუნებრივია, ეს ფაქტორიც გათვალისწინებული იქნება. ამასთან, კლუბში ამბობენ, რომ წელიწადში ერთხელ, ბავშვების სრული სამედიცინო შემოწმება ცალსახად მნიშვნელოვანია, რათა მათ სწორ ფიზიკურ განვითარებას პრობლემა არ შეექმნას.
„კარგი იქნება, თუ შემდეგში უკვე ვიფიქრებთ საფეხბურთო აკადემიის თემაზე. ეს ბავშვებს, სამოავლოდ კი, გუნდებს, საშუალებას მისცემს, ცივილურად შეძლონ კვალიფიციური სპორტული განათლების მიღება. რა თქმა უნდა, საუბარია წარჩინებულ ფეხბურთელებზე. ამ საკითხზე საუბარია ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, რომ ოდესმე შეიძლება მოვიდეს ეგ დროც. ეს იქნება გადამწყვეტი ფაქტორი იმ რამდენიმე წარჩინებული სპორტსმენისთვის, რომლებიც სოფლებიდან დადიან სავარჯიშოდ. ბავშვებში არსებული რესურსი ნამდვილად იძლევა ამის შესაძლებლობას. საქართველოს საკლუბო რეალობა ასეთია 10-15 ბავშვი ჰყავთ აკადემიებში, ეს რაოდენობა ჩვენც გვყავს 2-3 ბავშვი თითო ასაკობრივ კატეგორიაში“, – ამბობს გია ისიანი.

შეხვედრის ბოლოს, სკოლის აღსაზრდელთა მშობლები და ადმინისტრაცია შეთანხმდნენ, რომ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას, თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში, 2-3 მშობელი უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში კი, თვეში ერთხელ შეიკრიბებიან და ადმინისტრაციასთან ერთად პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.

2019-10-18T15:03:43+00:00