ომარ ლალიანცი 1976 წლიდან თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მხაზველად მუშაობს. ადამიანს, რომელსაც თითოული მატჩის წინ მინდვრის მოწესრიგება ევალება, წელს სადიონზე მუშაობის 45 წელი შეუსრულდა.
ომარ ლალიანცი 1953 წელს დაიბადა, გვიყვება, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულებისა და დაოჯახების შემდეგ, მეგობარი დასაქმებაში დაეხმარა და ასე შემორჩა 45 წელი „დილას“ სტადიონის მხაზველად.

მაშინ, როცა საქართველო მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისში იყო და დასაქმებულთა უმეტესობა, საკუთარ საქმეს, ფაქტობრივად, ანაზღაურების გარეშე აკეთბდა, ომარ ლალიანცს თავისი საქმე არ მიუტოვებია. მიუხედავად იმისა, რომ სახლში ოთხი შვილი ჰყავდა და სხვების მსგავსად, პურის რიგში დგომა მასაც საათობით უწევდა, სტადიონის ბალახის საფარს შეძლებისდაგვარად პატრონობდა და ყოველი თამაშის წინ ყველა ხაზს ზედმიწევნით ავლებდა. გარდა ამისა, დახაზვამდე ხშირად თავადვე უწევდა ბალახის გათიბვა და მორწყვაც.

არ იფიქროთ, რომ ომარ ლალიანცს სტადიონის მოწესრიგება მხოლოდ შიდა ტურნირებზე, ან შიდა ჩემპიონატებზე უწევს. 2017 წელს გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დროს, თეგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონის მთავარი მხაზველი ასევე ომარ ლალიანცი გახლდათ. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი სტადიონი კიდევ არაერთი საერთაშორისო ტურნირის მასპინძელი იქნება, სადაც სტადიონზე თამაშის დაწყებამდე მთავარ შტრიხებს სწორედ ომარ ლალიანცი გაავლებს.
მოგეხსენებათ, დღეს 18:00 საათზე, თეგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე ეროვნული ლიგის მატჩი გაიმართება, სადაც გორის „დილა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. მატჩის დაწყებამდე, დაგეგმილია ომარ ლალიანცის დაჯილდოების ღონისძიება, სადაც სტადიონის მთავარ მხაზველს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემა. 
