ტურნირის ორგანიზატორი, რომელიც „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში ჩატარდა გახლდათ გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი „გორი“.
28 ივლისს, გორში, ჭალის სტადიონზე გამართულ გადამწყვეტ დაპირისპირებაში, „წმინდა წყალი/ჯარმა“ – „ჭალას“ მოუგო 3:0 და პირველი ადგილისა და გარდამავალი თასის მფლობელიც გახდა. აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი გამარჯვებული გუნდიდან – ბექა კაპანაძემ გაიტანა, რომელიც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
ფინალამდე ჩატარდა მესამე ადგილისათვის მატჩი „ახალბაღსა“ და „ახალდაბას“ შორის, რომლის ძირითად დროშიც გამარჯვებული ვერ გამოვლინდა -1:1, პენალტებში კი „ახალდაბამ“ იმარჯვა 4:2.
ფინალური პაექრობის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია.
ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს ფულადი ჯილდოები გადასცეს – პირველი ადგილის მფლობელმა გუნდმა 3000 ლარი, მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა 2000, ხოლო მესამე ადგილზე გასულმა – 1000 ლარი მიიღო.
ამასთან, სპეციალური პრიზები დააწესეს ტურნირის სპონსორებმა.
სასტუმრო ,,გორი ინნ“-მა გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა კომპანია „ბოლეროს“მიერ ექსკლუზიურად ჩამოსხმული ღვინით.
სასტუმრო „ჯორჯია გოლდმა“ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს ბექა კაპანაძეს გადასცა საცურაო აუზის ულიმიტო ერთთვიანი ვაუჩერი.
მსოფლიოს ჩემპიონმა გიორგი კანდელაკმა ფულადი ჯილდო 300 ლარი გადასცა ტურნირის საუკეთესო მსაჯად დასახელებულ ლავრენტი ბოლოთაშვილს.
შიდა ქართლის ფეხბურთის რეგიონულმა ფედერაციამ სამახსოვრო საჩუქარი გადასცა ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულ ნოდარ ხოხრინს (წმინდა წყალი/ჯარი).
გარდა ამისა, შეჯიბრების ორგანიზატორებმა გამოავლინეს სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესონი.
ტურნირის საუკეთესო მეკარე: იაკობ სეხნიაშვილი (ახალდაბა)
მცველი: ილია ლოცულაშვილი (წმინდა წყალი/ჯარი)
ნახევარმცველი: ზაზა საბიაშვილი (ჭალა)
თავდამსხმელი: თორნიკე შუბითიძე (წმინდა წყალი/ჯარი)
„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში, პირველობა მინი ფეხბურთში რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში ჩატარდება. აქამდე, ამავე თამაშების მიხედვით მძლეოსნური გარბენები ჩატარდა რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში. გარდა ამისა, უახლოეს ხანებში ჩატარდება შეჯიბრებები კალათბურთსა და ქართულ ჭიდაობაში.
თამაშების „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ინიციატორია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია.