გორის საფეხბურთო კლუბ „გორს“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძე სტუმრობდა. ჯელაძემ გორელ მწვრთნელებს, ფეხბურთის ფედერაციის მიერ შემუშავებული ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამა გააცნო და მათთან ერთად ის მიდგომები განიხილა, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში აქტუალურია.
ზვიად ჯელაძე: „მოხარული ვარ, რომ გია ისიანის მოწვევით გორში ჩამოვედი და ადგილობრივ მწვრთნელებს შევხვდი. მინდა გითხრათ, რომ ისიანი ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებს და თავს არ ზოგავს, ფეხბურთის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე. გეტყვით, რომ გორში დამხვდნენ ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად აქვთ განვითარების სურვილი, უნდათ, განამტკიცონ საკუთარი ცოდნა და გადასცენ ბავშვებს, მომავალ თაობას. შიდა ქართლი ნამდვილად წარმატებული რეგიონია სპორტული მიღწევების თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი აღზრდილა გორში და ახლაც ბევრი აქაური თამაშობს ასაკობრივ ნაკრებებში. ფეხბურთი მუდმივად ვითარდება და ჩვენც ფეხი უნდა ავუწყოთ ამ წინსვლას, სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი დღეც – გორელ მწვრთნელებს გავაცანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ შემუშავებული პროგრამა – თანამედროვე სავარჯიშო მოდელი და მეთოდოლოგია, რომელიც ფედერაციამ დანერგა. სწორედ ამ პროგრამით ხელმძღვანელობენ ფეხბურთის ფედერაციის აკადემიები და იმედი მაქვს, გორის „გორი“ შესაბამისად გამოიყენებს მიღებულ ინფორმაციას“.
მამუკა ვარდოსანიძე: “მოვისმინეთ საკმაოდ საინტერესო პრეზენტაცია, სადაც კონკრეტულადაა გაწერილი ვარჯიშის დაგეგმვის თანამედროვე მიდგომები და პრინციპები. გავეცანით, თუ რა არის დასაშვები ფეხბურთელებთან მიმართებაში და რა – აკრძალული.”
გია ისიანი: “„დღევანდელი ღონისძიების მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ ჩვენს საფეხბურთო სკოლას ამ დრომდე არ აქვს კონკრეტული სტრატეგია, თუ როგორ განვითარდეს სკოლა და როგორ მივაღწიოთ იმ შედეგს, რომელიც კონკრეტულ რეზულტატებს დადებს. სკოლაში გვყავს ბევრი კვალიფიციური მწვრთნელი, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სკოლის მიერ მიღწეული შედეგები, სწორედაც რომ ამ მწვრთნელების დამსახურებაა. აღნიშნული ტრენინგის მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ დროა, სკოლა გადავიდეს ერთ კონკრეტულ მოდელზე, იმისთვის, რომ ჩვენი გაზრდილი ფეხბურთელები ადვილად შეეგუონ თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს. “